პუტინი: „[ინფრასტრუქტურაზე] განხორციელებული დარტყმები პრობლემებს ნამდვილად ქმნის. ამჟამად საწვავის გარკვეულ დეფიციტს ვხედავთ

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის დეფიციტია.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმებით მიყენებული ზიანი „კრიტიკული არ არის“, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების გაზრდა, რათა ეს ობიექტები უკეთ იყოს დაცული, ასევე – იმ დანაყოფების ეფექტიანობის გაუმჯობესება, რომლებსაც დრონების ჩამოგდება ევალებათ.

„რაც შეეხება დარტყმებს… კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე… ცხადია, ამ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები პრობლემებს ნამდვილად ქმნის. ამჟამად საწვავის გარკვეულ დეფიციტს ვხედავთ, თუმცა ეს კრიტიკული არ არის… რამდენიმე ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი. პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და მნიშვნელოვნად გავზარდოთ ყველაზე მოთხოვნადი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება“, – განაცხადა მან.

ამასთან, მან განაცხადა, რომ „ყველა დაზიანებული ობიექტი საკმაოდ სწრაფად აღდგება და წარმოქმნილი პრობლემები კრიტიკული ხასიათის არ არის“, და ამტკიცებდა, რომ „ყველაფერი სტაბილურად მუშაობს და უსაფრთხოების დიდი მარაგი არსებობს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი „რამდენიმე დღისთვის“ საკმარისია.

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში ვერ განაახლებს მუშაობას, – ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ქარხანა მოსკოვისა და მისი რეგიონისთვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელია. მიმდინარე თვეში ის ორჯერ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე, რის გამოც საწარმომ მუშაობა შეაჩერა. „აღდგენას, სულ მცირე, ნახევარი წელი დასჭირდება“, – უთხრა Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ.

Reuters წერს, რომ უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის მნიშვნელოვანი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების დეფიციტი, საწვავის ფასის ზრდა და ავტოგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები ქვეყნის მრავალ რეგიონში.