პუტინი: უკრაინამ აღიაროს რეფერენდუმების შედეგები, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები უნდა აღიაროს.

პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „არის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შანსი”.

პუტინი კვლავ ამბობს, რომ უკრაინამ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს და არ შეუერთდეს ალიანსებს.

„უკრაინამ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს: არ შეიარაღდეს ბირთვული იარაღით და არ შეუერთდეს ალიანსებს. კონფლიქტის მოგვარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს რუსული ენისა და პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის უფლებები.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხის უმრავლესობა დაინტერესებულია რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით. ყველა ეს საკითხი განხილულ იქნა სტამბოლში 2022 წელს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2022 წელს ჩვენ ხელმოწერის ზღვარზე ვიყავით”. – თქვა პუტინმა.

2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 თვის შემდეგ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა, უშედეგოდ – რუსეთი უკრაინისგან მაშინაც ნეიტრალიტეტს და NATO-ზე უარის თქმას ითხოვდა. უკრაინა ნეიტრალიტეტზე თანხმდებოდა, თუმცა, უსაფრთხოების მკაცრი გარანტიების სანაცვლოდ, რაც რუსეთისთვის იყო მიუღებელი.

Sky News Arabia-სთან ინტერვიუში პუტინმა ასევე თქვა, რომ მისი ერთ-ერთი მოთხოვნაა, „უკრაინის ხელისუფლებაში არ იყვნენ ნაცისტური ელემენტები”.

„მესამე მხარეები დაინტერესებულნი არ არიან კონფლიქტის დასრულებით, მათ უკრაინის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება უნდათ. უკრაინა უკეთეს ბედს იმსახურებს, ის არ უნდა იყოს ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი მესამე მხარეების ხელში”. – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.