სტამბოლში უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი და დაავადებული ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

დღეს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა და საათზე მეტხანს გაგრძელდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და თავდაცვის მინისტრმა კრუსტემ უმეროვმა თქვა, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, ასევე განიხილეს უკრაინის წინადადება ივნისის ბოლოს ლიდერების შეხვედრის შესახებ.

„ჩვენ შევთანხმდით მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველასთვის” გაცვლაზე. ესენი არიან ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომლებიც 18-დან 25 წლამდე არიან. ასევე შევთანხმდით, რომ დაღუპული ჯარისკაცების 6 000-6 000 ცხედარი დავაბრუნოთ. […]

ჩვენ გვჯერა, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ ის ლიდერების შეხვედრის მომზადებას ისახავს მიზნად. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ ლიდერების დონეზე შეხვედრის ჩატარება ამ თვის ბოლომდე – 20 ივნისიდან 30 ივნისამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესისთვის“, – თქვა უმეროვმა.

მედიის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინამ რუსეთის მხრიდან „ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების“ შესახებ წინადადება პირველად გაიგო, თუმცა უკრაინის შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.

 „ჩვენს გუნდებს ექნებათ ერთი კვირა დოკუმენტების შესასწავლად, რის შემდეგაც შევძლებთ შემდეგი ნაბიჯების კოორდინაციას“, – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს დღეს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

„საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ და იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჰყავს.

უკრაინელი ბავშვების დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის განუყოფელი ნაწილია და ნდობის მთავარი ელემენტია.

ჩვენ პასუხს ველით. ბურთი რუსეთის მოედანზეა. ნამდვილი კეთილსინდისიერება სიტყვები კი არა, საქმეებია. და ახლა დროა ამის დასამტკიცებლად”, – დაწერა მან X-ზე.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ 6 000 ცხედარი უკრაინას უკვე მომდევნო კვირაში, ცალმხრივ რეჟიმში გადაეცემა.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გამოქვეყნდა რუსეთის მემორანდუმი, რომელშიც წარმოდგენილია მოთხოვნები უკრაინისადმი. რუსეთი მემორანდუმის საფუძველზე ისევ ითხოვს უკრაინის ჯარების სრულ გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონებიდან.

რუსეთის მოთხოვნებია:

1. ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებად აღიარება; აღნიშნული ტერიტორიებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტინგენტისა და სხვა შეირაღებული ფორმირებების გაყვანა;
2. უკრაინის ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს უარის თქმას, ნებისმიერ სამხედრო კავშირსა და კოალიციაზე, ასევე კრძალავს მესამე სახელმწიფოს სამხედრო საქმიანობას;
3. აქამდე არსებული ყველა შეთანხმების შეწყვეტა, რომელიც ეწინააღმდეგება მე-2 პუნქტს;
4. უკრაინა არ იქნება ბირთვული სახელმწიფო;
5. რუსეთი განსაზღვრავს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის რაოდენობას, უნდა დაიშალოს შეიარაღებულ ძალებში შემავალი ნაციონალისტური ფორმირებები;
6. რუსულ ენას მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, რუსულ და რუსულენოვან მოსახლეობას მიეცეთ სრული უფლებები და თავისუფლება;
7. კანონის დონეზე აიკრძალოს ნაციზმის და ნეონაციზმის პროპაგანდა, დაიშალოს ნაციონალისტური ორგანიზაციები, პარტიები;
8. ყველა მოქმედი სანქციის მოხსნა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედებს;
9. გადაადგილებული პირების დაბრუნება ოჯახებში;
10. ორმხრივი უარის თქმა ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე;
11. მოეხსნას შეზღუდვები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას;
12. ეკონომიკური, დიპლომატიური, სატრანსპორტო და სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენა (გაზის ტრანზიტის ჩათვლით).