პუტინმა ბადრა გუნბას „აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა

პუბლიკა

ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტ ბადრა გუნბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.

რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, პუტინმა გუბნას უთხრა, რომ „რუსეთი აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში დახმარებას მომავალშიც გაუწევს“.

„გულითადად გილოცავთ გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს. ეს ღირსშესანიშნავი დღესასწაული აფხაზეთის ხალხის სიმტკიცის, სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლოა. ხალხმა დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ და მშვიდობიან ცხოვრებაზე.

რუსეთი მომავალშიც აქტიურად დაეხმარება აფხაზ პარტნიორებს სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები მეგობრული და მოკავშირეობრივი ხასიათისაა“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესების შესაბამისად“, – წერს პუტინი.

სოხუმი 33 წლის წინ დაეცა.

1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების” მეშვეობით აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.

13-თვიანი ომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებულნი გახდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ.

1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომში 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა. 300 000-მდე ქართველი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაცემების შესაგროვებლად უკიდურესად შეზღუდული რესურსი ჰქონდათ, სავარაუდოდ, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ რიცხვებს მნიშვნელოვნად აღემატება.

რუსეთმა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა, საქართველოში რუსეთის ომიდან რამდენიმე კვირაში.

ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ამ დროისთვის მსოფლიოს სულ 4 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის რუსეთთან ერთად არის სირია, ასევე ვენესუელა და ნიკარაგუა.