პუტინმა რუსეთში 9 მაისს დაგეგმილი აღლუმი გადადო

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე დაგეგმილი აღლუმი გადადო. ამის შესახებ პუტინმა მთავრობის წევრებთან ონლაინ გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„9 მაისს აღლუმისთვის მომზადება უკვე უნდა დაწყებული გვქონდეს. მაგრამ ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკი, რომლის პიკიც ჯერ არ ყოფილა, ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ დავიწყოთ აღლუმისა და სხვა მასობრივი ღონისძიებებისათვის მზადება.

ამიტომ, მე ვურჩევ თავდაცვის მინისტრს, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს და ხელისუფლებას ყველა სხვა დონეზე, გადადონ მზადება როგორც წითელ მოედანზე დაგეგმილი სამხედრო აღლუმისთვის, ისე სხვა რეგიონებში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში გადაიდება სხვა ყველა მასობრივი ღონისძიებაც, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.

რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის კორონავირუსის 32 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 2590 გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. მზარდია, როგორც ინფიცირების შემთხვევების, ისე გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლები.