პუტინმა უკრაინის ოკუპირებული 4 რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე უკრაინის 4 რეგიონის – დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპორიჟიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ განკარგულებებს მოაწერა ხელი.

საზეიმო ღონისძიებას რუსეთის ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების გარდა ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. ლიდერები, რომლებმაც ასევე მოაწერეს ხელი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

კრემლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას 4 ახალი სუბიექტი „მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილებით“ და „რეფერენდუმების გზით“ შეუერთდა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში სამუდამოდ დარჩება, უკრაინის ხელისუფლებას კი ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.

უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის არმია ამ დროისთვის თითქმის სრულად მხოლოდ ლუჰანსკის ოლქს აკონტროლებს. ზაპორიჟიის ოლქში კი რუსეთმა თავად ოლქის ცენტრალური ქალაქის ზაპორიჟიის აღებაც ვერ შეძლო. რუსული არმია უშედეგოდ ცდილობს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლასაც.

ხოლო ბოლო ერთი თვეა, სამხედრო საკითხების სპეციალისტების შეფასებით, ომში სტრატეგიული ინიციატივა უკრაინამ იგდო ხელთ და სხვადასხვა მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის დონეცკის ოლქის სტრატეგიულ ქალაქს – ლიმანს უტევს, რომელიც უკვე ალყაშია მოქცეული.