პუტინს ვუთხარი, რომ თუ უკრაინაში შეიჭრება, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება - ბაიდენი

პუბლიკა

აშს-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მან ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განუცხადა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ამას მათთვის მოჰყვება მძიმე შედეგები. ისეთი ეკონომიკური სანქციები, რომელიც აქამდე არასდროს დაწესებულა.

„მე ძალიან პირდაპირი ვიყავი. ზრდილობიანად, მაგრამ ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება: ისეთი ეკონომიკური შედეგები, რაც აქამდე არავის უნახავს და არასდროს გატარებულა.

მისი მყისიერი პასუხი იყო, რომ მან ეს გაიგო. გარდა ამისა, მე ვთქვი, რომ შესაძლოა, დაგვჭირდეს ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდა NATO-ს ქვეყნებში, რათა ერთგულება დავუდასტუროთ მოკავშირეებს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთით.ამასთან ერთად, ჩვენ მოვამაგარებთ შესაბამისი თავდაცვით შესაძლებლობებით უკრაინელებსაც“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ის ესაუბრება მოკავშირე სახელმწიფოთა ლიდერებს და შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეხვდეს. ამჯერად წამყვანი მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად.

განხილვის საგანი კი რუსეთის შეშფოთება იქნება NATO-ს აღმოსავლეთით შესაძლო გაფართოების გამო. ბაიდენის თქმით, ის იმედოვნებს, რომ დიპლომატიური საუბრები ხელს შეუწყობს უკრაინასა და რუსეთს შორის ტემპერატურის დაწევას.

ბაიდენის თქმით, უკრაინაში არ იგეგმება ამერიკული სამხედრო კონტიგენტის განლაგება, სამხედრო დახმარება კი დამოკიდებულია NATO-ს სხვა წევრების პოზიციაზეც. თუმცა ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ მიანიშნა იმ შედეგებზე, რასაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოუტანს მას.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მან გაიგო ჩემი გზავნილი“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.