ქაბული ალყაშია | თალიბანი ავღანეთის დედაქალაქის „მშვიდობიან გადაბარებას“ ელოდება

პუბლიკა

თალიბანმა დაიწყო შესვლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მას შემდეგ, რაც დაიკავა სხვა ქალაქები. როგორც BBC ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დაჯგუფების ნაწილი დედაქალაქში უკვე შესულია.

ავღანეთის სამმა მაღალჩინოსანმა Associated Press-ს განუცხადა, რომ დაჯგუფების წევრები შენიშნეს დედაქალაქ კალაკანის, ყარაბაღისა და ფაღმანის რაიონებში. ამ ეტაპისთვის, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის 34 პროვინციიდან 24-ს.

BBC იუწყება, რომ ხალხი დედაქალაქს მანქანებით ტოვებს, რამაც გზებზე დიდი საცობები გამოიწვია.

მანამდე, 13 აგვისტოს, თალიბანმა სწრაფად დაიკავა სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც. დაიპყრო ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქი – ყანდაარი და ჰერატი. ასევე, ქალაქი მაზარ-ი-შარიფი, რომელიც თალიბანისადმი წინააღმდეგობის ცენტრად მიიჩნეოდა და ბოლო საკვანძო წერტილი იყო ავღანეთის ჩრდილოეთში, რომელსაც მთავრობა ჯერაც აკონტროლებდა.

თალიბანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა Al-Jazeera-ს განუცხადა, რომ მეამბოხეები „ქაბულის მშვიდობიან გადაბარებას ელოდებიან“. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ თალიბანის მომლაპარაკებლები პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართნენ, ძალაუფლების გადაცემის განსახილველად, თუმცა უცნობია მოლაპარაკების კონკრეტული დეტალები.

თალიბანი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყანას სრულად 31 აგვისტოს დატოვებენ.