ქაცარავა: ერთი საათი მცემდნენ, სასტიკად და უმოწყალოდ

პუბლიკა

დავით ქაცარავა, რომელსაც გუშინ სპეცრაზმელებმა სცემეს ამბობს, რომ მას 1 საათის განმავლობაში სცემდნენ  „სასტიკად და უმოწყალოდ“. შემდეგ, როგორც თავად ამბობს, შეაგდეს „მინივენში“ და იქ გაგრძელდა მისი ცემა.

ის ამბობს, რომ 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა მის მიმართ ანგარიშსწორებაში, ურტყამდნენ, ძირითადად, თავის არეში, სახესა და თვალის მიდამოში.

ქაცარავას  თქმით, მისი ცემა იყო დაკვეთა, რადგან დასისხლიანებულს გადაუღეს ფოტოები და ვიდეოები და გაიგონა ფრაზა „გადავუგზავნოთ, ვანახოთო“.

დავით ქაცარავამ „ტვ პირველთან“ საუბრისას უარყო ინფორმაცია, თითქოს დაკავებამდე ის სპეცრაზმელებს აგინებდა, ამბობს, რომ პოლიციას მხოლოდ მოუწოდებდა, დამდგარიყვნენ სწორ მხარეს და არ ემსახურათ რუსული რეჟიმისთვის.

„ერთი საათი მცემდნენ, 4-ჯერ მცემეს სასტიკად და უმოწყალოდ, მირტყამდნენ თავის არეში და განსაკუთრებით თვალში. დაახლოებით 10-მა კაცმა მცემა, შემაგდეს მინივენში, სადაც 3-4 „ვაჟკაცი“ შემოდიოდა ყოველ 15 წუთში და სასტიკად მცემდნენ მანქანაში. როცა ნახეს, რომ შედეგი იყო და მთლიანად დასისხლიანებული ვიყავი ახლოდან გადამიღეს ფოტოები, შეიძლება ვიდეოებიც და ესეთი ფრაზაც გავიგე გადავუგზავნოთ, ვანახოთო, ანუ ეს იყო დაკვეთა. იურისტები ამას მიხედავენ… სპეცრაზმს რომ ვაგინებდი, ეს ტყუილია, შეგიძლიათ ნახოთ ის მიმართვა, რასაც მე ვაკეთებდი მათი მისამართით, იქ იყო მოწოდება, რომ დადგნენ სწორ მხარეს და არ ემსახურონ რუსულ რეჟიმს”, – თქვა დავით ქაცარავამ.

დავით ქაცარავა გუშინ რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის არ არის ნაცემი.

სპეცრაზმელები მას სასტიკად დაკავების შემდეგ მანქანაში გაუსწორდნენ.

ქაცარავა გუშინვე გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.