„ძალიან მძიმე ფორმით მაქვს ტვინის შერყევა და მიჭირს, როგორც გადაადგილება, ასევე რაიმე სახის აქტივობა, უნდა დავემორჩილო იმ მკურნალობას, რომელიც დანიშნული მაქვს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება დანიშნული – აქედან პირდაპირ მივდივართ სამხარაულის ექსპერტიზაზე, შემდეგ სახლში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და სამოქალაქო პროტესტს“,- ამის შესახებ დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.
„ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან და იყო მცდელობა ჩემი გაგუდვის, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო და ეს ხდება იმ ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ ეს ჯალათები“,- თქვა ქაცარავამ.
დავით ქაცარავა 14 მაისს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის არ არის ნაცემი. როგორც ქაცარავამ მოგვიანებით თქვა, სპეცრაზმელები მას სასტიკად დაკავების შემდეგ მანქანაში გაუსწორდნენ. ქაცარავა იმ დღესვე გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.