ქადაგიშვილი: EU-ის მიერ €100 მლნ-ის შეჩერებით საქართველოს არაფერი დააკლდება 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან 100 მილიონზე მეტი ევროს შეჩერებით საქართველოს არაფერი დააკლდება, ვინაიდან „ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინაა ბევრი პარამეტრით”.

ქადაგიშვილმა ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომლის თანახმად, ის დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების მინისტრებს შესთავაზებს, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის ნაწილი – 121 მილიონი ევრო გაუყინონ და მათ ნაცვლად ეს თანხა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას მოახმარონ. ეს დახმარება ამ დროისთვის შეჩერებულია.

ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ „არც პენსიონერს, არც პოლიციელს, არც სამხედროს, არც ჯანდაცვის სისტემას ერთი თეთრი არ მოაკლდება”.

„საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც 28 მილიარდს, ასევე ამ ას მილიონს აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხარჯავდა. საინტერესოა, ბატონი ბორელი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს 100 მილიონიც ასევე გამჭვირვალედ უნდა დახარჯონ თუ „შავ ფულად“ უნდა იქცეს? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რაზეც პასუხი გვაინტერესებს. გასაგებია, რომ მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, რომ არჩევნები არ შედგა, რადგან შედგა და ძალიან კარგად იციან. უნდათ, რომ ამ მდგომარეობიდან რაღაცნაირად ნელ-ნელა გამოვიდნენ. გამოძიება პროკურატურაშიც დასრულდება და მის შედეგებსაც იხილავენ. საქართველოს სამართლიან გზას ვერავინ გააჩერებს. საქართველოს არაფერი დააკლდება, ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ არის რიგი პარამეტრებით”. – თქვა „ქართული ოცნების” წევრმა.

ევროკავშირი მსგავს ზომებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებების გამო იღებს: საქმე ეხება რუსულ და ჰომოფობიურ კანონებს – ამის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი.

ევროკავშირმა უკვე შეაჩერა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.

გარდა ამისა, დემოკრატიულ დასავლეთს არ უღიარებია საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმაცია – აშშ და ევროკავშირი არჩევნების შესაძლო გაყალბების დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ.