ქადაგიშვილი: ვერ იქნება ეკლესია თანამედროვე, ულტრალიბერალური იდეოლოგიის ტყვეობაში მოქცეული

პუბლიკა

„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკლესიის  „რეფორმირება“, მისი დამორჩილება თუ დღეს გამეფებულ ულტრალიბერალური წესების თამაშში მოქცევა არის აუცილებელზე აუცილებელი პირობა, რათა საქართველომ პროგრესი განიცადოს და თუ გნებავთ,  საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ზუსტად ანალოგიური  პოსტულატებით ხელმძღვანელობდნენ ის ბოლშევიკი რევოლუციონერები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სარწმუნოება, ეკლესია არის ის მთავარი შემაფერხებელი ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს ნათელ მომავალს ხელს უშლიდა.

„ძალიან უკვირთ, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი იტყვის ხოლმე, რომ ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი და თანმიმდევრული  აგიტაცია-პროპაგანდა მიმდინარეობს.  მაგრამ ეს არის რეალობა და ეს არის ფაქტი.

ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ეროვნული სახით არ შეიძლება საქართველო შევიდეს ევროკაშირში, ისევე, როგორც მათი სულიერი წინამორბედები მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ ფორმით უნდა ყოფილიყო კულტურა და საქართველო ქართული, შინაარსით კი – სოციალისტური. ვერ იქნება ასე იმიტომ, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ეს არის ის ერთი და განუყოფელი, რომლითაც საქართველო ცხოვრობდა, ცხოვრობს და მომავალშიც იცხოვრებს!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.