ქადაგიშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებსა და NGO-ებს 12 პუნქტზე სამუშაოდ ჩართულობისკენ მოუწოდა

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად პარლამენტის მიერ გასატარებელი ღონისძიებებისთვის საჭირო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

კომიტეტის სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის დახვეწასა და გაძლიერებას. საპროცედურო კომიტეტი უწევს ზედამხედველობას, როგორ სრულდება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები.

ქადაგიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 30-მდე კონტროლის მექანიზმი, რომელიც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, საფინანსო, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებს, ადამიანის უფლებებს, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვლადებულ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა წინადადებით, რომ პოლიტიკური ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობისთვის სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდეს.

„მაქვს ასეთი წინადადება, რომ როგორც ეს გათვალისწინებულია იმ სულისკვეთებით, რაც 12 პუნქტის შესრულებაში დევს, უნდა იყოს საკმაოდ ფართო ჩართულობა პარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და ფრაქციისა. დღეს ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული და კომიტეტს არ ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მიიღებს მონაწილეობას სამუშაოს შესრულებაში, როდესაც სამუშაო ჯგუფის შექმნის პროცესი დაიწყება.

ამავდროულად, ჩვენ პროაქტიულად მოვუწოდებთ არასამთავრობოებს, რომელთაც აქვთ პროფესიული შეხება და მუდმივად თანამშრომლობენ და მონიტორინგს აწარმოებენ პარლამენტის საკონტროლო ფუნქციის შესრულების საკითხებზე და აგრეთვე მივმართავთ ყველა იმ ექსპერტს, რომელიც საგნობრივად და პროფესიულად მუშაობს ამ საკითხებზე.

იმისთვის, რომ დავინახოთ სამუშაოს დიდი მოცულობა, რომელსაც საპარლამენტო კონტროლი ქვია, სად ვართ ჩვენ დღეს, რა გამოწვევები გვაქვს, რა პრაქტიკაა, ამის საფუძველზე დავინახოთ, რა საკითხებია წინ წამოსაწევი, ამისთვის დავალება მიეცეს კომიტეტის აპარატს, მოხდეს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის შესწავლა. ამ დოკუმენტის საფუძველზე შევძლებთ სამუშაო ჯგუფში მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, როცა გვეცოდინება გამოწვევები საპარლამენტო კონტროლის სახით ან გამოცდილების გაზიარება, ამის კანონპროექტად ქცევა და დარეგისტრირება მოვახდინოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის გახსნისთვის ეს კანონპროექტი უნდა არსებობდეს, 1 ნოემბრისთვის კი პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლის კუთხით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები/საკანონმდებლო აქტები უნდა მიიღოს.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარდეს ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის კვლევა და ასევე კომიტეტი კომპეტენციის ფარგლებში დაუკავშირდება პოლიტიკურ ჯგუფებსა და სამოქალაქო საზოგადოებას სამუშაო ჯგუფში ჩართვის წინადადებით.

კომიტეტის სხდომის დასრულებამდე უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის საშუალება ჰქონდათ.

დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის შემადგენლობას ზაფხულში დასვენების ნაცვლად მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი დიდი პატივისცემა გამოტანილი საკითხის შინაარსის მიმართ და მხოლოდ და მხოლოდ მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა, რომ ამ ზაფხულის ცხელ დღეებში  პარლამენტის მთელი შემადგენლობა სამუშაო ოთახებში ზის და ნაცვლად იმისა, რომ ზაფხულით ისარგებლონ, მთელ რიგ კოლოსალურ სამუშაოს ეწევა იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე კანონპროექტების მთელი რიგი ჩამონათვალი იყოს მზად, რათა ჩვენი საუკუნოვანი სურვილი დეკემბრის ბოლოს იქნას ასრულებული“ – განაცხადა მან.

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კი ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი თქმით, ოპონენტი დეპუტატები კომიტეტის მუშაობაში არ მონაწილეობენ, როდესაც რიგგარეშე სესიის მოწვევას მოითხოვენ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile