„ქაჯობა" - ასე აფასებს კობახიძე ბათუმში დღეს გამართულ აქციას

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქაჯობა უწოდა ბათუმში დღეს გამართულ აქციას.

მას ინტერვიუ ტელეკომპანია იმედმა ჩამოართვა, სადაც კობახიძეს ჰკითხეს ხელისუფლების რეაქციაზე, როდესაც მათ რუსეთუმეობაში ადანაშაულებენ.

ამ თემაზე საუბრისას შეაფასა კობახიძემ დღეს გამართული აქციაც.


თბილისსა და ბათუმში საპრტოტესტო აქციები გაიმართა.

მოქალაქეებმა გააპროტესტეს რუსეთის მოქალაქეების საკრუიზო გემით ბათუმში შემოსვლა.

„აფხაზეთი საქართველოა”, „რუსეთი გვართმევს სამშობლოს”, „რუსეთი ოკუპანტია” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები საკრუიზო გემთან, რომელმაც ბათუმში რუსეთი მოქალაქეები შემოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საპროტესტო აქციას, რომელიც უშუალოდ იახტასთან მიმდინარეობდა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი უშვერი ჟესტებით პასუხობდა. ასევე მანამდე, რამდენიმე მათგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, და საქართველო „მათი რაღაც რესპუბლიკაა”.

დღეს, გამთენიისას, რუსეთის ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE ბათუმში ჩამოვიდა. გემს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და „ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირში ვართ“.

რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“  ჟურნალისტებმა ჩაწერეს.

„თქვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა. ბოტანიკური ბაღის სანახავად მივდივართ. ოკუპაციის შესახებ არ ვიცით… თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული… რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით… აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. ისინი დახმარებას გვთხოვდნენ, თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ. მე ვიყავი აფხაზეთში და ვნახე სახლები, ყველას ფანჯრები ჰქონდა ჩამტვრეული, თქვენგან იყო დანგრეული… რუსეთი აფხაზეთს დაეხმარა თქვენგან გათავისუფლებაში…“ – ამბობს  რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე.

კიდევ ერთი რუსი ტურისტი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია და რუსეთი ოკუპანტი არაა.

„1978 წელს  ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ… არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, – ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.

რუსი ტურისტების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ გააკეთებს კომენტარს ოკუპაციის შესახებ.