ქალაქ სუმიდან „მწვანე დერეფნის“ გავლით მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

პუბლიკა

გამოცემა UNIAN-ის ცნობით, კიევში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ „მწვანე დერეფნის“ გავლით, ქალაქ სუმიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტების ევაკუაცია დაწყებულია. მოქალაქეები ქალაქ პოლტავაში გადაჰყავთ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ქალაქი სუმი წუხელაც დაიბომბა. ოკუპანტებმა 500-კილოგრამიანი ბომბები ჩამოაგდეს, რასაც 18 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა ჩერნიჰივიდან,  ხარკოვიდან, მარიუპოლიდან, ასევე კიევიდანაც.

წინა შემთხვევებში მსგავსი დერეფნის გამოყენებისას შეთანხმება დაირღვა და მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.

რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა მხარემ დილის 9 საათიდან ცეცხლი შეწყვიტა.


რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შეთანხმდნენ, თუმცა უკრაინული მხარის განცხადებით, 5 მარტს რუსეთმა მარიუპოლთან შეთანხმება დაარღვია და ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მოქალაქეებს.