სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში საქეიფოდ გადასვლას - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს, რომ ქალაქებში მოსახლეობამ მაქსიმალურად დაიცვა რეკომენდაციები, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – არა.

„დღევანდელი შემთხვევების მატება, პრინციპში აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლოებამ მაქსიმალურად დაიცვა რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობამ, სამწუხაროდ – არა. იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში და მეგობრებთან საქეიფოდ გადასვლას… სახლში დარჩენა ნიშნავს საკუთარ სახლში დარჩენას. ამის სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით. ის რაც ხდება დასახლებებში, რომლებიც მე დავასახელე და ეს ძირითადად ხდება ბოლნისის რაიონში, თეთრიწყაროში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, თეთრიწყაროში მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, თუ რა პირობებში მოხდა სამედიცინო პერსონალის დასნებოვნება.

„სამწუხაროდ არის შემთხვევები, ჩვენი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი. იქ მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება, პროფესიულ თუ საყოფაცხოვრებო პირობებში“, – განაცხადა იმნაძემ.

დღეს კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის – 485.