საფრანგეთის ქალაქი ნანტი, რომელიც თბილისთან 1979 წლიდანაა დაძმობილებული, 49-წლიან თანამშრომლობას „დროებით“ ასრულებს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ნანტმა ურთიერთობების „გაყინვა“ გადაწყვიტა, თუმცა ირწმუნება, რომ გააგრძელებს „ქართველი დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ნანტის ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით“.
პრესრელიზში, რომელიც ქალაქ ნანტის მერიამ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან 2024 წლის დეკემბრიდან „საქართველოს პოლიტიკური სიტუაციით და ოპონენტების რეპრესიებით, რომლებიც მრავალრიცხოვან დემონსტრაციებს მოჰყვა“.
გარდა ამისა, პრესრელიზში წერია, რომ ქალაქ ნანტის მერიამ შეიტყო, რომ „ქალაქ თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის რამდენიმე საჯარო მოხელე, რომლებთანაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს“.
ნანტს, თბილისსა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენს შორის სამმხრივი დაძმობილება იყო გაფორმებული. ურთიერთობამ შესაძლებელი გახადა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, როგორებიცაა: ფრანგულის სწავლება თბილისში, ქართველი საშუალო სკოლის მოსწავლეების მასპინძლობა, კონცერტები და ქართული ცეკვის გაკვეთილები.
პრესრელიზის თანახმად, ურთიერთობის შეჩერება გაგრძელდება „თანამშრომლობის პირობების დაკმაყოფილებამდე“.