ქალების 59.9%-ს და კაცების 74.7%-ს მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა

პუბლიკა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შეკითხვები დაუსვეს სოციალურ ნორმებზე, მაგალითად, ეთანხმებოდნენ თუ არა ოჯახში ქალებისა და კაცების როლების და პარტნიორების წინაშე ვალდებულებების შესახებ სხვადასხვა დებულებას. ზოგიერთი დებულება ქალის როლისადმი ტრადიციულ, პატრიარქალურ დამოკიდებულებებს შეეხებოდა, ზოგიერთი კი გენდერული თანასწორობის მხარდამჭერ დამოკიდებულებას ასახავდა.

რა აჩვენა ქალების პასუხებმა

კვლევის მიხედვით, ქალების 59.9%-ს მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა. 2017 წლის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგების თანახმად აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტი – 65.8% იყო.

ქალების 20.2% მიიჩნევს, რომ ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებას მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას. აღნიშნული მაჩვენებელიც შემცირებულია – 2017 წელს 22.7%-ს შეადგენდა.

ქალების 55.1%-ის აზრით, კაცი უნდა აკონტროლებდეს და უძღვებოდეს სახლს. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის კვლევის მიხედვით არ არის ხელმისაწვდომი.

15-24 წლის ქალები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (30.5 პროცენტი), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (30.9 პროცენტი) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (6.8 პროცენტი). უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში მაჩვენებელი უფრო მაღალია.

გამოკვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების მქონე ქალები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (47.9 პროცენტი), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (39.7 პროცენტი) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (9.4 პროცენტი).

სოფელში მცხოვრები ქალები, ყველაზე მეტად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (67.6 პროცენტი). თბილისში მცხოვრები დაახლოებით ყოველი მესამე და სხვა ქალაქებში მცხოვრები დაახლოებით ყოველი მეორე ქალი თვლის, რომ კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს. თბილისში მცხოვრები ქალები უფრო ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (46.2 პროცენტი).

რა აჩვენა კაცების პასუხებმა

ოთხიდან სამ კაცს (74.7 პროცენტი) მიაჩნია, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 2017 წელთან შედარებით (78.0 პროცენტი).

გამოკითხული კაცების მესამედზე მეტი (37.3 პროცენტი) თვლის, რომ ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებას მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას. აღნიშნული მაჩენებელიც შემცირებულია 2017 წელთან შედარებით, კერძოდ 2017 წელს 41.9 პროცენტი შეადგინა.

კაცების 77.6 პროცენტის აზრით, კაცი უნდა აკონტროლებდეს და უძღვებოდეს სახლს. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის კვლევის მიხედვით არ არის ხელმისაწვდომი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ფოკუს ჯგუფებში გენდერისა და გენდერული როლების შესახებ საუბრისას, კაცები ხშირად იყენებდნენ კონსერვატიულ იდეებსა და ენას რელიგიასთან კავშირში:

„კიდევ და კიდევ გავიმეორებ ქალებზე ჩემს შთაბეჭდილებას, რომ, აი, უპირველეს ყოვლისა, გენდერული თანასწორობა, სიყვარულით, სითბოთი შექმნილი ოჯახი და მართლაც კიდევ ბიბლიის მხრივ ვიტყვი, რომ იყავი მორჩილი კაცისა. კაცმა უნდა იცოდეს ქალის პატივისცემა.“ (ფოკუს ჯგუფის დისკუსია ქალაქში მცხოვრებ 30 წლის და მეტი ასაკის კაცებთან).

„როცა ოჯახში პატივისცემა არის, თანასწორობა ვერ იქნება. თანასწორობა ჩემთვის, როგორც სიტყვა, არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც ქალმა იცის, როდესაც ქრისტიანია და ყველაფერი უფლის ნებით ვითარდება, ქრისტიანები ვართ. ქალის თავი კაცი არის და კაცის თავი ქრისტე არის ხომ, იქ ყველაფერი კარგად იქნება.“ (ფოკუს ჯგუფი სოფლად მცხოვრებ 30 წლის და მეტი ასაკის კაცებთან)

კაცების დამოკიდებულება გენდერული როლების მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

15-24 და 24-34 წლის კაცები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (64.3 პროცენტი და 63.2 პროცენტი, შესაბამისად).

15-24 წლის კაცები, ასევე, ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (61.6 პროცენტი) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (20.4 პროცენტი).

ქალების მსგავსად, უფროსი ასაკობრივი ჯგუფის კაცების დამოკიდებულებები გენდერული როლებისადმი უფრო კონსერვატიული და პატრიარქალურია.

უმაღლესი განათლების მქონე კაცები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (61.3 პროცენტი), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (70.1 პროცენტი) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (28.8 პროცენტი).

სოფელში მცხოვრები კაცები უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ოჯახის მოვლაა (83.2 პროცენტი), კაცმა უნდა აკონტროლოს და უხელმძღვანელოს სახლს (87.6 პროცენტი) და ცოლი უნდა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებებს, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში ან საერთოდ არ ეთანხმება მას (47.8 პროცენტი). აღნიშნული მაჩვენებლები თბილისში ნაკლებია, ვიდრე სხვა ქალაქებში და სოფლებში.


რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა.