ქალების 85% ფიქრობს, რომ კარიერაში უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს

პუბლიკა

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა, აჩვენებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის განმავლობაში სფეროში მიღწეულ ცვლილებებს. კვლევის მიგნებები  2013 წელს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთანაა შედარებული.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2013 წლიდან დღემდე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე 6 წლის წინ.

„კვლევაში გაანალიზებულია გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულება და აღქმა საზოგადოებრივ, თემის, ურთიერთობებისა და ინდივიდუალურ დონეზე.  ურთიერთობები უდავოდ გვაძლევს ცვლილებების დანახვის შესაძლებლობას. ამდენად, საინტერესოა, დავაკვირდეთ ოჯახში ქალის როლის აღქმასთან დაკავშირებით მომხდარ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს, რომელიც კვლევამ გამოავლინა. ამჟამად რესპონდენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა (50.4%) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ  ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ეს მაჩვენებელი, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, 11%-ს შეადგენდა. აგრეთვე, პროცენტული მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის, 28%-ით შემცირდა. ზემოთ ხსენებული მონაცემები მნიშვნელოვან პროგრესზე მეტყველებს და ცხადია, რომ ეს გაუმჯობესება ახალი თაობის წარმომადგენლებში დამოკიდებულების ცვლილებებამ განაპირობა.“ – აღნიშნა UNFPA-ის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში 

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართვის მიმართ ზოგადი მხარდაჭერა არსებობს, რესპონდენტების ნახევარს სჯერა, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები ხდებიან.

ათიდან, დაახლოებით, ექვსმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ქალების ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2013 წელს რესპონდენტების 50% (ქალების 56 და კაცების 43%) დაეთანხმა აზრს, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ქვეყანას სარგებელს მოუტანდა. 2019 წელს ეს წილი რესპონდენტების 60%-მდე გაიზარდა (ქალების – 72% და კაცების – 45%).

გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მეტი ქალის ჩართულობა პოლიტიკაში მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, მათ შორის, ქალების 72% ფიქრობს ასე.

ქალები და კარიერა 

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალებს კაცების თანაბრად შესწევთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, თუმცა ასე უფრო მეტი ქალი ფიქრობს, ვიდრე კაცი.

ქალების 76 და კაცების 59 % მიიჩნევს, რომ ქალი კაცივით კვალიფიციურია და რომ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება თანაბრად შეუძლიათ. კაცების, დაახლოებით, 40% არ ეთანხმება ამ დებულებას.

„თანასწორობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, კვლავ რჩება განსხვავებული დამოკიდებულება ქალისა და კაცის თანასწორი შესაძლებლობების მიმღებლობის კუთხით, გარკვეული სამუშაოების შესრულებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია კვლევაში.

2019 წელს გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ კაცები უკეთესი ბიზნესლიდერები არიან ვიდრე ქალები. 2913 წელს ამ აზრს გამოკითხულთა 58% იზიარებდა.

ქალებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ, რასაც ქალების 85% და კაცების 58% დაეთანხმა. 2013 წელს, დაახლოებით, ათიდან 6 რესპონდენტი დაეთანხმა მოცემულობას, რომ კაცებს უფრო მარტივად მიუწვდებათ ხელი პრესტიჟულ სამუშაოზე. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, გაორმაგებულია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალებს და მამაკაცებს კარიერული წინსვლის თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. ამჟამად მათი მაჩვენებელი 43-­50% , 2013 წელს კი იმავეს, დაახლოებით, 25 %აცხადებდა.


კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.

კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).