ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 29 წლამდე გაიზარდა | საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ მოამზადა.

პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2019 წლის ძირითად ტენდენციებს.

პუბლიკაციის მიხედვით,  ამჟამად საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების რიცხვი დაახლოებით 22%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა კაცებში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვეულებრივ, ბიჭი უფრო ხშირად იბადება, ვიდრე გოგო. იგივე ტენდენცია წლების მანძილზე საკმაოდ სტაბილურად არის გამოხატული საქართველოშიც.

ახალშობილი ბიჭების წილი 52%-ს შეადგენს. 30 წლამდე ასაკში, მამაკაცების რიცხვი აღემატება ქალების რაოდენობას. თუმცა 30 წლის და უფროს ასაკში, ქალების რიცხვი სჭარბობს კაცების რიცხვს, ამ უკანასკნელის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო.

„საერთაშორისო მასშტაბით, კაცებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეულწილად ქცევით ხასიათს ატარებს: გენდერული განსხვავება ალკოჰოლის მოხმარებაში, მწეველებში, სარისკო აქტივობებში მონაწილეობაში, ისეთები, როგორიცაა ავტომანქანის მართვა, განსაზღვრავს ქალების სიცოცხლის უფრო მაღალ ხანგრძლივობას კაცებთან შედარებით”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ მიგრაცია კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაში.

ტრადიციულად მაღალია მობილობა კაცებს შორის: 2019 წელს კაცები შეადგენდნენ იმიგრანტების 59%-ს და ემიგრანტების 56%-ს.

საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სტაბილური ზრდა აჩვენა: ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26.5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 29.7-ს.

კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.2 და 32.6 წელი შეადგინა.