ქალი დეპუტატები სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარაზე მინისტრს რეაგირებას სთხოვენ

პუბლიკა

ქალმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში აქტივისტ სამირა ბაირამოვაზე კითხვები დაუსვეს. აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ, მარნეულში პრორუსული პარტიის ოფისის უკრაინის ფერებში შეღებვის შემდეგ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის შემცველი გზავნილები მიიღო.

ნინო წილოსანმა და თეონა აქუბარდიამ ვახტან გომელაურს რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სთხოვეს. გომელაურს პარლამენტარები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

„როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის მხრიდან შიშის დათესვის მცდელობაზე, იმ დაუცველობის განცდაზე მინდა გკითხოთ, რომელსაც ქვეყნის შიგნით ცდილობს დათესოს ღიად პრორუსული ორგანიზებული ძალა. ამ ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიწყეს შიშის დათესვა საქართველოს რეგიონებში. გეკითხები – რა რეაგირება ჰქონდათ სამირა ბაირამოვის განაცხადზე, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ძალადობრივი ჯგუფები.

ასევე მაქვს კითხვა – რა რეაგირება გაქვთ „ალტ-ინფოს“ მუქარაზე ჟურნალისტების მიმართ. კერძოდ, ქეთი თუთბერიძის, რატი წვერავასა და მიხეილ დარბაიძის მიმართ“, – განაცხადა პარტია „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ.

მინისტრის საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანა ითხოვა უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

„ჩემი თხოვნა იქნება პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოთ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებული მუქარის შემცველ განცხადებებზე გამოძიება. სამირას პროტესტს მოჰყვა კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის მუქარები და იღებდა მუქარის შემცველ გზავნილებს.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.