სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისი მარნეულში უკრაინის დროშის ფერებში შეღება. ის აცხადებს, რომ ამის შემდეგ მუქარის შეტყობინებებს იღებს.

„გამომიგზავნეს შეტყობინება, ვიცი ეს პირი დაახლოებით ვინცაა, დესტრუქციული ძალების წევრია. ადრე იყო „ქართული მარშის“ წევრი, ახლა კი „ალტ-ინფოს“ აქტივისტია, ეს პიროვნება სვანეთშიც იყო წასული, როგორც გავიგე სვანეთში „ალტ-ინფოს“ ოფისის დახურვის დროსაც აქტიურობდა ეს ბიჭი. ამ ბიჭმა არაერთხელ გამომიგზავნა მსგავსი მუქარის შემცველი, შეტყობინება, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, რომ პოლიციაში განაცხადი შემეტანა, რადგან ის მემუქრებოდა მოკვლით“, – აცხადებს სამირა ბაირამოვა რადიო „მარნეულთან“.

მისივე თქმით, მუქარის შემცველი წერილები რამდენიმე პირმა გაუგზავნა.

ამასთან ერთად, საქმისწარმოება დაიწყო ბაირამოვას მიმართაც – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.