ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული შენობიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

პუბლიკა

ქალი, რომელიც დღეს პეკინის გამზირზე  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შემდეგ შენობიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ხეჩინაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს საავადმყოფოში.

დღეს, დილით პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა ზედა სართულებზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო,  უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინებიდან მოქალაქეები გამოიყვანეს. მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც სადარბაზოდან, ასევე სახანძრო კიბის საშუალებით.

„პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ჩასაქრობად აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და საშიშროების აღკვეთა. საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია“, – ამბობენ საგანგებოში.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა.