„ქალთა მიმართ ძალადობა პარტიულ ინტერესებს სცდება“ - ქალმა დეპუტატებმა წულუკიანს სოლიდარობა გამოუცხადეს

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ქალმა დეპუტატებმა კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

ანა ბუჩუკურმა, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ განაცხადეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი სცდება პარტიულ ინტერესებს და წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საჯარო საუბრისას მას გვერდით დაუდგებიან.

„მინისტრ თეა წულუკიანს დავუსვით კითხვა სპორტის ფედერაციებთან დაკავშირებით, სადაც ნაწილი ითვალისწინებს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, ნაწილთან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მისი პასუხი ამ შეკითხვაზე იყო საკმაოდ საგანგაშო, მან თქვა, რომ მას როგორც ქალ მინისტრს ურღვევენ უფლებებს და იყო ძალადობის ფაქტებიც. სამწუხაროდ, ის საჯაროდ არ საუბრობს მოძალადეებზე, ვფიქრობ, ეს პრობლემაა. მან თქვა, რომ თავად მოაგვარებს პრობლემას და ეჭვიც არ მეპარება, ის არის ძლიერი ქალი მინისტრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჯაროდ არ უნდა ისაუბროს მოძალადეებთან დაკავშირებით,უნდა დამალოს ინფორმაცია და ჩათვალოს, რომ მისი მოსაგვარებელია ეს, მაშინ როცა ბევრი პრობლემა რომელიც ეხება ქალებს, სწორედ იმიტომ არის, რომ ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საკითხით უნდა დაინტერესდნენ უფლებადამცველები, გენდერული საბჭო, კაცი დეპუტატები და საზოგადოების წევრები, რადგან ქალთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვანი პრობლემაა.

კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობის შესახებ დეპუტატ ხათუნა სამნიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ბევრი რამე აქვს მოსაყოლი, მათ შორის, როგორ ურთიერთობენ სპორტული ფედერაციები ქალ მინისტრთან, მაგრამ მას არ აქვს იმის იმედი, რომ დეპუტატი მის უფლებებსაც დაიცავს და თემას პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცევს.

და ზოგადად ძალადობა სპორტში სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა. მათ შორის, პრობლემაა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო არ იყოს მიჩნეული, რომ „მოიტა ფული და არაფერი მკითხო.“ ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა, რომ ეს ფული, შეუძლია, როგორც უნდა ისე გამოიყენოს და მერე თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ა.შ. მაგრამ მე იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც ვარ და არ გავიწევი“, – განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანმა განაცხადა, რომ მან დაამტკიცა ძალადობის ფაქტი და ახლა იბრძვის იმისთვის, რომ ამას შედეგი მოყვეს.

მინისტრი ამბობს, რომ როცა შედეგს მიაღწევს, საჯაროდ მოყვება ამის შესახებ.