ქალ სპორტის მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობის შესახებ დეპუტატ ხათუნა სამნიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ბევრი რამე აქვს მოსაყოლი, მათ შორის, როგორ ურთიერთობენ სპორტული ფედერაციები ქალ მინისტრთან, მაგრამ მას არ აქვს იმის იმედი, რომ დეპუტატი მის უფლებებსაც დაიცავს და თემას პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცევს.

„ქალ სპორტის მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება. ამაზე შორს არ წავალ, ქართული სპორტის იმიჯი, არ მინდა, დავანგრიო.

უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ერთეული ფედერაციებია. 2 თუ 3, შეიძლება, ოთხიც. 93-ში ოთხი დიდი პრობლემა არაა. მოვუვლით ჩვენ თვითონაც ამ ურთიერთობებს, თუმცა ქალთა უფლებების კურსის წაკითხვისთვის დარჩენილი 2 წელი, ალბათ არ მეყოფა.

და ზოგადად ძალადობა სპორტში სერიოზული პრობლემაა და ამაზე სამუშაოა. მათ შორის, პრობლემაა ისიც, რომ სპორტის სამინისტრო არ იყოს მიჩნეული, რომ „მოიტა ფული და  არაფერი მკითხო.“  ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს განცდა, რომ ეს ფული, შეუძლია, როგორც უნდა ისე გამოიყენოს და მერე თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მათ შორის, მინისტრი, მასზე ხელით გაიწიო და ა.შ. მაგრამ მე იქ ვდგავარ, სადაც ვდგავარ ჩემი იმდენი კილოთი, რამდენიც ვარ და არ გავიწევი“, – განაცხადა მინისტრმა.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ „ის, რაც არის მომხდარი, ასე არ დარჩება“.

„მე ამ თემაზე ვლაპარაკობ ბევრს და ის, რაც არის მომხდარი, ვინც მისმენს, იმის გასაგონად ვამბობ, ასე არ დარჩება და მე ამაზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ სწორედ იმიტომ, რომ იმ ქალებს, ვისაც არ აქვთ თანამდებობა, ჰქონდეთ განცდა, იმიტომ, რომ ეს მუდამ ასე არ დარჩება, მე გამოვალ, დავდგები და მოვყვები, რა მოხდა, მაგრამ მე მანამდე, ამასობაში ვიბრძვი.

ყველა ქალის გასაგონად ვამბობ, ვინც უნდა იყო, რაც უნდა იყოს მომხდარი, რაც უნდა თანამდებობა გეკავოს, როდესაც ამბობ, რომ მე გავხდი ძალადობის მუქარის და ძალადობის,  ვერბალურის და ფიზიკურის, მსხვერპლი, შენ არ გიჯერებენ. ვინც უნდა იყო. ამაშია საქმე. მე დავამტკიცე, რომ ეს მოხდა, ახლა ვიბრძვი იმისთვის, რომ ამას მოჰყვეს შედეგი. როდესაც ადამიანს არ აქვს სინდისი და მას შეცდომით უწერია მამრობითი, ამას ვამბობ ღიად, მას ამის არ რცხვენია, მას ტყვედ ჰყავს აყვანილი მთელი თავისი სპორტის სახეობა, ამაშია საქმე, მაგრამ მე არც ერთ უღირს ადამიანს, რომელიც თითზე ჩამოსათვლელია, არ მივცემ საშუალებას, მძევლად აიყვანოს სპორტის სახეობა და სპორტსმენი.

მე ვთვლი, რომ ეს არის ნაწილობრივ ჩემი პირადი თემა, ამიტომ როცა ამას მოვუვლი, მერე ვილაპარაკოთ. ამ ფედერაციას შეწყვეტილი აქვს დაფინანსება და ეს დაფინანსება არ აღდგება, სანამ არ შეიცვლება სრული ხელმძღვანელობა. პირობას ვდებ და ეს იცის არაერთმა ადამიანმა, მოცემული სპორტის სახეობა და კიდევ არის ერთი ფედერაცია, სპორტი არ დაზიანდება“, – განაცხადა წულუკიანმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, რომელ ფედერაციაზეა საუბარი, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ არ საუბრობს მკლავჭიდის ფედერაციაზე.

„ბევრი საყვედური მაქვს ბატონი სოსო ჯაჭვლიანისთვის სათქმელი, მაგრამ მისგან პატივისცემის და ნორმალური მოპყრობის მეტი არ მახსოვს. ის ცდება საქმეში, მაგრამ მე მისგან როგორც მინისტრს და ქალს, არ მახსოვს არც მოპყრობა და არც მიდგომა“, – თქვა მან.