„ქალთა მოძრაობა“ სამირა ბაირამოვას მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ქალთა მოძრაობა სამირა ბაირამოვას მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობაში ამბობენ, რომ ღიად პრორუსული და პროპუტინისური „კონსერვატიული მოძრაობა” (იგივე „ალტ-ინფო”) მთელი ქვეყნის მასშტაბით ხსნის პარტიულ ოფისებს, რასაც ადგილობრივების წინააღმდეგობა ხვდება. პრორუსული პარტიისადმი სამოქალაქო წინააღმდეგობა სრულიად გასაგებია დღეს, როცა რუსეთის აგრესიას უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება.

„14 მარტს “კონსერვატიული მოძრაობის” მარნეულის ოფისი უკრიანის დროშის ფერებში შეღება აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.

სამირას მშვიდობიან პროტესტს „კონსერვატიულმა მოძრაობამ” 16 მარტს უპასუხა საჯარო მუქარით, სექსიზმით და შეურაცხყოფით, ხოლო 20 მარტს ერთ-ერთი თავისი მუქარა შეასრულა კიდეც და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე ვანდალური, სექსისტური და უხამსი წარწერები დატოვა.

აქვე შეგახსნებთ, რომ სამირა ბაირამოვას არანაირი კავშირი არ აქვს ენმ პარტიასთან. ამასთან, „კონსერვატიულმა მოძრაობამ” სცადა რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივება, როდესაც სამირა ბაიარმოვას დააბრალა ქრისტიანული ჯვრის შებღალვა. აღსანიშნავია, რომ “კონსერვატიული მოძრაობა” ღიად ემუქრება სხვა აქტივისტებსაც ოზურგეთსა და ზუგდიდში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას და სახელმწიფოსაგან მოითხოვს მისი დაცვის გარანტიებს და მყისიერ და ეფექტურ გამოძიებას სამირას მიმართ გამოთქმული მუქარის დანაშაულზე,”- ამბობენ ქალთა მოძრაობაში.

მოძრაობაში მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან შესწავლონ და შეაფასონ „კონსერვატული პარტიის” საქმიანობა და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს „კონსერვატული პარტიის” აკრძალვის მოთხოვნით ვინაიდან „კონსერვატურლი პარტია” ეწევა ძალადობის პროპაგანდას და აღვივებს ეროვნულ და რელიგიურ შუღლს.