ქარტია: პაპუაშვილმა მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინმედიის მიმართ

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის მუქარას „პუბლიკის“ მიმართ და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივება.

ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქარტიის შეფასებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინმედიების დევნას, ხოლო მასთან დაკავშირებული ძალაუფლების მქონე პირები – დამოუკიდებელი ონლაინმედიების მიმათ სიძულვილის გაღვივებას.

ქარტიას მიაჩნია, რომ „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როცა შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან და სისხლის სამართლის პასუხისგებაზე ალაპარაკდა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს შეახსენებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა.

„თბილისი მოლთან“ დაგეგმილი აქცია სწორედ ამგვარ მოვლენათა რიგს მიეკუთვნება.

მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს.

შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინმედიის მიმართ. ამას ადასტურებს კომენტარები მისი პოსტის ქვეშ და ისიც, რომ თავად მედიასაშუალებამ შალვა პაპუაშვილის პოსტი თავდასხმად და მუქარად აღიქვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე“, – აცხადებს ქარტია.

„ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 1 თებერვალს გააზიარა „პუბლიკის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი – ქარდი, რომელიც „თბილისი მოლთან“ აქციის ანონსს შეეხება და დაწერა, რომ „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და აანონსებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას“.

„პუბლიკა“ შალვა პაპუაშვილის ამ თავდასხმას მუქარად აღიქვამს.

პაპუაშვილი ცდილობს, რომ ინფორმაციის გავრცელება დანაშაულის დაანონსებად წარმოაჩინოს და რატომღაც ევროკავშირის საელჩოს აკისრებს „წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე პასუხისმგებლობას“.

,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ” დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად.