ქარტია „სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლის გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ადგილობრივი გამოცემის „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს მუშაობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა (მობილური ტელეფონი და ხმის ჩამწერი დიქტოფონი) წაართვეს და ეკლესიის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მრევლის გაღიზიანება ტაძარში სვეტიცხოვლობის წირვაზე ფოტოების გადაღებამ გამოიწვია. გამოცემამ შემთხვევის ამსახველი აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოხატულმა აგრესიამ ტენდენციის სახე მიიღო და მიუთითებს, რომ ამგვარი შემთხვევები ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით არის წახალისებული.

ქარტია მიიჩნევს, რომ „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი შემთხვევებისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისგან.