ქარტია სასამართლოს: არ შეუზღუდოთ ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები სხდომების გაშუქებისას

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 24 აპრილს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევებს და ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტებს სულ უფრო და უფრო უჭირთ სასამართლო პროცესების გაშუქება.

დღეს  „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორს, მინდია გაბაძეს, მოსამართლე დავით თეთრაულმა სამართალდამცველის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი ჩხეიძის სასამართლო სხდომაზე ფოტოგადაღების უფლება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ჟურნალისტს მისთვის ფოტო და ვიდეოგადაღების მოთხოვნით წინასწარ, სხდომამდე ერთი საათით ადრე არ მიუმართავს.

მინდია გაბაძემ მოსამართლეს აუხსნა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რადგანაც სხდომის შესახებ გიორგი ჩხეიძის ადვოკატებმა და ახლობლებმაც კი მხოლოდ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს.

ასევე, დღეს, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად მისული პოლიციელის, ლაშა ხარხელაურის, თანმხლებმა პირებმა.

ჟურნალისტებს შორის იყო მინდია გაბაძეც, რომელიც სხდომიდან გამოსულ ლაშა ხარხელაურს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა მოძალადეებს რამდენჯერმე სთხოვეს, თავი წარედგინათ, მათ სასამართლოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ვინაობა არ გაუმხელიათ.

მოსამართლეები ხშირად ფორმალური მიზეზებით უზღუდავენ მათ პროფესიულ უფლებებს.

ზოგიერთი ფოტორეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტოგადაღებას საერთოდ ვეღარ ახერხებს. სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტებს თავს დაუსჯელად ესხმიან უცნობი პირები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ საქართველოში არსებული დაძაბულობის ფონზე, საზოგადოების ინტერესი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პროცესების მიმართ, მაღალია.

„ჟურნალისტებს საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ, საზოგადოება უზრუნველყონ სანდო ინფორმაციით ამ პროცესების შესახებ, სასამართლო კი მათ პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას არ აძლევს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ის სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს”. – ნათქვამია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებაში.