ქარტია შსს-ს მიმართავს, გამოიძიონ On.ge-ის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2020 წლის 16 იანვარს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, მათივე თქმით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ონლაინგამოცემა „on.ge-ის“ ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

„ეს ფაქტი ასახულია On.ge-ის ჟურნალისტისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის” მიერ გადაღებულ კადრებში, სადაც ჩანს როგორ ეცემა ძირს რეპორტიორი გადაღების პროცესში. კადრებში ისმის, რომ ჟურნალისტი რამდენჯერმე იმეორებს სიტყვებს: „რას აკეთებთ, ჟურნალისტი ვარ?!” – მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები მას უხეშად აწვებიან და აქცევენ“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული არ არის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს საქმის გამოძიება და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები.

„სამართალდამცავი სტრუქტურების სწორ და სწრაფ რეაგირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რამდენად შეიცვლება გასული წელის ტენდენტია. 2020 წლის 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გაშვების შედეგად რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და ტექნიკა დაუზიანდა. ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეეშალათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისასაც. გასულ წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების გახშირების გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთი მოწოდება გაავრცელა“, – აღნიშნავს ქარტია განცხადებაში.

ეთიკის ქარტია, ასევე მიმართავს მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია მედიის საქმიანობის ხელისშეშლის დაუშევბლობასთან დაკავშირებით და გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა აქაციებზე ჟურნალისტები დაცული იყვნენ სამართალდამცველთა ქმედებების შედეგად დაშავებისგან.