ქარტია: ვგმობთ საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 30 აპრილისა და 1 მაისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ.

განცხადება:

„ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ მიაყენეს დაზიანებები ჟურნალისტებს, რომლებიც 1-ელ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას აშუქებდნენ.

„მთავარი არხის“  ცნობით, დაშავდა მათი სამი ოპერატორი. ზუკა ჩხირკვია წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას სახეში მოხვდა გაურკვეველი ბლაგვი საგანი, ხოლო ავთო მესხმა თავის არეში დაზიანება მიიღო. 9 აპრილის ქუჩაზე მუშაობისას დაშავდა ლუკა ლავრელაშვილი.

ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, რომელიც პარლამენტთან მუშაობდა, შსს-ს წარმომადგენელმა დაარტყა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა.

დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის შესუნთქვის გამო მუშაობისას ცუდად გახდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ნიკა საჯაია და სალომე ბოკუჩავა. ორივე ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რეზინის ტყვიებით დაზიანდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი.

წინა დღეს, 30 აპრილს ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს,  პირადად თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებით ფიზიკურად დააზიანეს სულ ცოტა 14 ჟურნალისტი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


1 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია სრულად გაიყვანა ადგილიდან. რამდენიმე ათეული ადამიანი 9 აპრილის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ჭიშკარს ეჯაჯგურებოდა.

სპეცრაზმმა, რომელიც პარლამენტის ეზოში იყო, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შემდეგ კი გაზი რამდენჯერმე გაუშვეს რუსთაველის გამზირის მხარესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამოიყენეს ასევე რეზინის ტყვია, თუმცა შსს ტყვიების გამოყენებას უარყოფს.