ქარტიამ ბაკურაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის 2 პრინციპის დარღვევა დაადგინა

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „იმედის” ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის მიერ ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპის დარღვევა დაადგინა.

ბაკურაძის წინააღმდეგ ქარტიაში ორი განცხადება იყო. განმცხადებლები ვანო მინდორაშვილი და გიორგი ბოლქვაძე იყვნენ. სადავო მასალა 2022 წლის 28 ნოემბერს გავიდა ეთერში.

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა რესპონდენტების პირად ცხოვრებაში და მოახდინა მათი იდენტიფიცირება, რაც, მათი თქმით, არაეთიკურია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.

როგორც ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებაში წერს, სუბიექტური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის ობიექტური საჯარო/საზოგადოებრივი ინტერესი და არ ამართლებს პირად ცხოვრებაში შეჭრას.

რაც შეეხება მე-4 პრინციპს, საბჭო აღნიშნავს: „რა თქმა უნდა, ჟურნალისტს შეუძლია გამოიყენოს ფარული ჩაწერის მეთოდი, როდესაც სხვა ყველა გზა ინფორმაციის მოსაპოვებლად მოჭრილია ან სხვა გზით ამ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია; ჟურნალისტს შეუძლია გააკეთოს ამგვარი ჩანაწერი, თუმცა შემდეგ რედაქციამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, უნდა გამოიყენოს თუ არა ის იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ეს ჩანაწერია;

მოცემულ შემთხვევაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტს რესპონდენტებისგან იმავე კომენტარის მიღება არ შეეძლო ან შეუძლებელი იქნებოდა მათი გაფრთხილების შემდეგ (არც შეპასუხებაში და არც სიუჟეტში არ ყოფილა აღნიშნული რომ ჟურნალისტმა სცადა სხვა Facebook მომხმარებლებთან დარეკვა და მათთვის კომენტარის თხოვნა, უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა არ გაეფრთხილებინა დანარჩენი რესპონდენტები ჩაწერის შესახებ); ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტმა აუდიტორიას მიაწოდა ამ ჩანაწერის შედეგად, არ წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, რაც გაამართლებდა მისი მხრიდან ამ მეთოდის გამოყენებას (საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საბჭომ ასევე იმსჯელა მეათე პრინციპის განხილვისას). შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, ფარული აუდიოჩაწერა „არაკეთილსინდისიერ მეთოდად“ აქცია არა თავად ჩაწერის პროცესმა, არამედ მისმა შინაარსმა”, – წერს საბჭო. 

სამოტივაციო ნაწილს გაეცანით ვრცლად ბმულზე;


მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

მე-10 პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.