„ქართული ლეგიონის“ 4 წევრს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

პუბლიკა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონის“ ოთხ წევრს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა – ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაზონა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასამართლებულ მებრძოლთა შორის არიან: ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აფრესოვი. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღევას ედავებოდნენ, რაც „დაქირავებულობას“ გულისხმობს. დაუსწრებლად მისჯილი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ 3 მარტს გამოიტანა, თუმცა სასამართლოს ბარათებში ის მხოლოდ დღეს გამოჩნდა.

გასული წლის აპრილში საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ეროვნული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის იმავე მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მათ შორის ასევე იყვნენ რუხაია, ალიბეგაშვილი, ამირანაშვილი და აპრესოვი.

„ქართული ლეგიონი“ შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც უკრაინული ძალების გვერდით 2014 წლიდან იბრძვის. იგი ძირითადად შედგება ყოფილი ქართველი სამხედროებისგან, რომლებსაც აქვთ შეიარაღებულ კონფლიქტებში ბრძოლის გამოცდილება.

„ქართული ლეგიონი“, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება, დაახლოებით 1 300 სამხედროს აერთიანებს.