„ქართული მარში“ პარტიას ქმნის, ბრეგაძე სხვა ძალებთან კონსოლიდაციას აანონსებს

პუბლიკა

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის თქმით, ივნისში „ქართული მარში“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთდება. პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება, სადაც პარტია პარტიის სახეების შესახებ განაცხადებს.

„პუბლიკასთან“ საუბარისას სანდო ბრეგაძემ სხვა „ეროვნულ-კონსერვატორიულ“ ძალებთან გაერთიანების შესაძლებლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკები და იმედი აქვს, რომ მსხვილი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება.

„ჩვენ იძულებული გავხდით, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში” საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობის რელსებზე გადასულიყო. არსებულმა რეალობამ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა. დღეს ორივე მხარე ტრადიციული და კონსერვატორული იდეოლოგიის მოწინააღმდეგეა.  ჩვენ ტრადიციონალისტურ-კონსერვატორული ეროვნული ძალა ვიქნებით და გავხდებით ის ფარი, რომელიც შეაჩერებს იმ საშინელებას, რომელიც ეკლესიისა და სახელწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ თანამედროვე კონსერვატორული სახელმწიფო ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „პუბლიკასთან“ საუბარში.

მისი თქმით, ყრილობა პარტიის დაფუძნებისთვის აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. სავარაუდოდ, ყრილობა 10 ივნისის შემდეგ გაიმართება, სადაც პარტიის  სახეებს წარადგენენ.

შეკითხვაზე – ვინ იქნებიან პარტიაში? – გვიპასუხა, რომ პარტიის სახეებში ვიხილავთ ცნობად ახალგაზრდებს.

„მე ვიქნები აუცილებლად და იქნებიან ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკაში გამოსული ადამიანები არიან. ეს მოძრაობა მოედება მთელ საქართველოს. ჩვენ ოფისები გავხსენით თბილისში, ქუთაისში, რუსთავში. კახეთში, გურიაში უახლოეს დღეებში გაიხსნება, ისევე, როგორც სამეგრელოში”.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 5 ოფისი უკვე შექმნილია და ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით უახლოეს მომავალში გაიხსნება.

დაფინანსებაზე დასმულ შეკითხვას მან უპასუხა, რომ დამფინანსების წყარო არის თვითონ და მისი მეგობარი ბიზნესმენებია. მისი თქმით, ლევან ვასაძე „ქართული მარშის“ ბაზაზე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიას არ აფინანსებს.

„დაფინანსების წყარო ვარ მე და ჩემი მეგობარი ბიზნესმენები. ჩვენ აბსოლუტურად გამჭირვალე ვართ და არავისგან აგვიღია ეს ფული და გვინდა, რომ არავისზე დამოკიდებული არ ვიყოთ, არცერთ პოლიტიკურ პარტიაზე და არცერთ უცხო სახელმწიფოზე. გვინდა, გავატაროთ ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ინტერესების გამტარი იქნება. თუმცა მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ყრილობაზევე გაკეთდება შეთავაზება ყველა ტრადიციულად მოაზროვნე ეროვნული ძალებისადმი და პოლიტიკოსებისადმი, რომ მოხდეს გაერთანება და თუ ეს მოხდება, ეს კარგი იქნება, რადგან ჩამოყალიბდება პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დიდ წარმატებას მიაღწევს ამ არჩევნებში”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „პუბლიკასთან“. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ამ ეტაპზე რამდენიმე ძალასთან მიმდინარეობს საუბრები გარკვეულ კონსოლიდაციაზე და ეს საუბრები არ არის იმ სტადიაში, რომ რაიმე გაერთიანების შესახებ გამოვაცხადო. ჯერ ხელშესახები არაფერია. მიდის საუბარი. მათ შორის ერთ-ორ პარლამენტის დეპუტატთანაც“, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

მისი თქმით, ახალ პარტიას ყველა ოლქში ეყოლება მაჟორიტარი და ექნებათ სახელმწიფოს შექმნის განსხვავებული ხედვა, რომელიც კონსერვატორიულ- ტრადიციონალისტურ იდეოლოგიაზეა დამყარებული.

საგარეო მიმართულებით პარტიის ხედვაზე დასმულ შეკითხვას კი უპასუხა, რომ  „საქართველო გაბრწყინდება, როცა ის კავკასიის შვეიცარია გახდება“.

„ილია ჭავჭავაძის სიტყვებით შემიძლია გადმოვცე ყველაფერი – ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს. საქართველო თავად უნდა იყოს განსამზღვრელი და რომელიმე ქვეყანა – ოკუპანტი, მეგობარი თუ არამეგობარი – არ უნდა კარნახობდეს საქართველოს არაფერს. ჩემი ქვეყნისთვის იდეალურად ვთვლი, რომ საქართველო გაბრწყინდება როცა ის გახდება კავკასიის შვეიცარია”, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

„გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული მარში” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. „ქართული მარშის” სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვანი პირების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება იყო. თუმცა, გაერთიანებაში შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში.