„ქართული მარში“ პარტიის სადამფუძნებლო ყრილობას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართავს

პუბლიკა

„ქართული მარში“ დღეს პოლიტიკური პარტიის სადამფუძნებლო ყრილობას გამართავს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ პარტიას ერქმევა „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ და მისი სადამფუძნებლო ყრილობა  დღეს საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება.

„პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ არის მემარჯვენე პოლიტიკური მსოფლმხედველობრივი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ორი საზოგადოებრივი მოძრაობის, „ქართული მარშისა“ და „გეორგიას“ გაერთიანების საფუძველზე.“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანონსში.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ პოლიტიკური პარტიის შექმნა ერთი თვის წინ დაანონსა და განაცხადა, რომ პარტიაში იქნებიან ახალი სახეები და მათ შორის ახალგაზრდები.

ერთი თვის წინ „პუბლიკასთან“ საუბარისას სანდო ბრეგაძემ სხვა „ეროვნულ-კონსერვატორულ“ ძალებთან გაერთიანების შესაძლებლობა არ გამორიცხა და თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკები და იმედი აქვს, რომ მსხვილი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება.

„გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული მარში“ არაფორმალური გაერთიანებაა, სხვადასხვა ნეონაცისტური ორგანიზაციების. „ქართული მარშის“ სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვანი პირების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება იყო. თუმცა გაერთიანებაში შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში.