ქართული მხარის არყოფნის მიუხედავად, 3+3 შეხვედრაზე საქართველოს დროშაც დადგეს

პუბლიკა

მოსკოვში 10 დეკემბერს 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა საქართველომ. შესაბამისად, მასში დანარჩენი ხუთი ქვეყნის – რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად შეხვედრის ამსახველ ფოტოში სხვებთან ერთად საქართველოს დროშაც ჩანს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართალია, საქართველომ თავი შეიკავა მონაწილეობისგან, მაგრამ ქართული მხარე მიწვეული იყო და მისთვის მომავალშიც ღია რჩება კარი.

„ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს საქართველომაც, რომლისთვისაც კარი ღია რჩება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილეს კულტურული, ჰუმანიტარული, სავაჭრო და ეკონომიკური საკითხების გაუმჯობესებისთვის გასატარებელი ზომები. ასევე აქცენტი გაკეთდა საერთო გამოწვევებზე.