„ქართული ოცნება“ ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან - ხვიჩია დმანისში დაჭრაზე

პუბლიკა

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას პოზიციით, „ქართული ოცნება“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნებიდან უნდა ხსნიდეს.

საუბარია მიხეილ დაუთაშვილზე, რომლის შვილიც პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრისთვის დააკავა.

„თუ მართლა „ქართული ოცნების“ კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. „ქართული ოცნება” პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„პუბლიკას“ მმართველ პარტიაში განუცხადეს, რომ მიხეილ დაუთაშვილის კანდიდატურის მოხსნა არ იგეგმება. ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე დმანისში მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას დაუკავშირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.