„ქართული ოცნება" ბოკერიასა და ნათელაშვილის განცხადებების გამო გერმანიის ელჩს ბოდიშს უხდის

პუბლიკა

პარტია „ქართლი ოცნება” ეხმაურება „ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიასა და „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას გერმანიის ელჩზე.

„ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო”, – აღნიშნავს პარტია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ივნისს გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა”.

ელჩის ამ კომენტარს გამოეხმაურა გიგა ბოკერია და აღნიშნა: „თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შემიყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ, აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან”.

შალვა ნათელაშვილმა კი აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩი არის ბიძინა ივანიშვილის ლობისტი და „რჩება კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად”.

„ეს გახლავთ ელჩი, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა ახალგაზრდების დარბევასა და თვალების დათხრას და შემდეგ ამართლებდა “თვალთხარია გახარიას” დანაშაულებრივ მოვლენებს…. ის ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან ისევე, როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც გახდა ოფიციალური მილიონერი, ჩვენი ცოდვით, ფულებით. ამიტომ მე მივმართავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, ბუნდესტაგს, გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„ქართული ოცნების” შეფასებით, ბოკერიამ და ნათელაშვილმა  გააკეთეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც უხეშად არღვევს ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს.

„ბოკერიას და მისი მეუღლის შეურაცხმყოფელი განცხადებები მოგვიანებით კიდევ უფრო გაამძაფრა ნათელაშვილმა, რომელმაც უხეში შეურაცხყოფა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანელ ხალხსა და გერმანულ სახელმწიფოსაც მიაყენა, სახელმწიფოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნათელაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო.

აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო პასუხი ჩვენი მეგობარი ელჩების მიერ თანმიმდევრულად გაცხადებულ სიმართლეზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. ეს სიმართლე თავდაპირველად, 23 ივნისს, მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმოთქვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, მოგვიანებით, 25 ივნისს, უფრო მკაფიოდ განმარტა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ხოლო როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ამჯერად შეისმინა დიპლომატების განცხადება, 26 ივნისს იგი კიდევ უფრო მკაფიოდ განმარტა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სწორად გაეაზრებინა ელჩების განცხადებების შინაარსი და მათი მოწოდება, მისმა ლიდერებმა ამ განცხადებებს შეურაცხყოფითა და უკიდურესად არაეთიკური ქცევით უპასუხეს. რადიკალური ოპოზიიციის ლიდერების ამგვარი რეაქციის მიზეზი სრულიად ნათელია – მათ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა და მისი ჩავარდნის იმედს იტოვებენ, ელჩების განცხადებები კი, მათ მანევრირებისთვის არავითარ სივრცეს არ უტოვებს”, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების” განცხადებაში.