ოპოზიციასთან მოლაპარაკების III რაუნდის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის, პლებისციტს არ განიხილავს“.
„განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება, განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს და, რა თქმა უნდა, ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა არჩევანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პირობის თანახმად, მოლაპარაკების შესახებ მეტი დეტალის გამხელის უფლება არ აქვს, თუმცა თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ „არის რელური ალბათობა, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით“.
„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ნამდვილად ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მე მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების უკვე ისეთ შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდა შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული მუშაობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.