„ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს - ინაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ქმედებები მორიგჯერ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირ უკანონობასა და უზნეობას იკადრებს, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით“, – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.

მისივე თქმით, აღარავისთვის არის სადავო, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

„ვფიქრობ, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა არჩევნები; აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა საპარლამენტო ხელისუფლება; აღარვისთვის არაა სადავო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს.

იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილება არ მოუხსნა, არიან გამოცდილი იურისტები, იგივე დავით უსუფაშვილი და, ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, განიხილავს კი საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს?! აი, აქ არის დიდი კითხვის ნიშანი“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.


საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება, ვადაზე ადრე,  4 იანვარს შეუწყვიტა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით გასულ 3 დეპუტატს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს.

საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილი ადგილმონაცვლეობით დაიკავეს ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ.

პრლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე, სიით არჩეულმა მე-4 ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ. მათ პარტია დატოვეს და „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.