„ქართული ოცნების“ მთავრობა „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის პროცესს იწყებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება 21 ოქტომბრითაა დათარიღებული.

დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირდება განათლების სამინისტროს სფეროში მოქმედი სსიპ „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება სამინისტრო.

განათლების სამინისტროს დაევალა, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებებს.

„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ 2014 წელს შეიქმნა. ცენტრი ქართველ სტუდენტებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლისთვის საგრანტო, საპარტნიორო საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობდა.