„ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 5 პირი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები „TV პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და 5-6 ივლისის მოვლენებზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.