ქართული საზოგადოება გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისის აქციას „შინ ევროპისკენ” facebook-ზე ეხმაურება. ის შთაბეჭდილებებს პუნქტებად წერს, მას უცვლელად გთავაზობთ:

  1. „კვლევების შედეგები, რომ მოსახლეობის 80%-90%-ს ევროპა უნდა, რეალობაა;
  2. აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს;
  3. ქართული საზოგადოება (განურჩევლად თაობისა) გაცილებით პროგრესული და ევროპულია, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა;
  4. მმართველი პარტიის პროპაგანდა და ნაბიჯები, რომელიც მუდმივად გათვლილი იყო სტერეოტიპულ, პოსტ საბჭოთა მენტალობის მქონე ქართველზე, უბრალოდ არ იმუშავებს, რადგან იხილეთ მე-3 პუნქი;
  5. ხალხი არც მოდუნებულა, არც დაღლილა ღირებულებებისთვის საბრძოლველად, არც თაობათა შორის თუ პოლიტიკურ შეხედულებებს შორისაა ხელშესახები გაუცხოება, უბრალოდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ჰყავს მობეზრებული, და ეს არის ქართული დემოკრატიის სისუსტე, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ხელისუფლებასთან ერთად”, – წერს ლომჯარია.

„შინ ევროპისკენ“ – 20 ივნისს თბილისში ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით მოეწყო, 20:00 საათზე დაიწყო, ბოლოს კი ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდა.