„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მოიცავს პიროტექნიკის რეგულაციას და „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას. შემდგომ მოსმენაზე მას დაემატება აქციაზე ნიღბისა და ლაზერის აკრძალვის ჩანაწერებიც.
„ოცნება“ პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს და მის მიმდინარე კვირაში მიღებას გეგმავს.
იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენის ფარგლებში არჩილ გორდულაძემ ავტორებს შესთავაზა, შეკრებებზე დასაშვები არ იყოს ლაზერი და მკვეთრი გამოსხივების საშუალებები.
გარდა ამისა, „ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ საჭიროა, კანონქვემდებარე აქტით მოწესრიგდეს და, სავარაუდოდ, შს მინისტრის პრეროგატივა გახდეს იმ ადამიანთა სია, ვისაც არ აეკრძალება აქციებზე ნიღბის ტარება – ასეთია, მაგალითად, ჟურნალისტი ან ექიმი.
„ოცნების“ წევრებმა ასევე მოითხოვეს ტერმინთა დაზუსტება, სად აიკრძალება ნიღბის ტარება.
გურამ მაჭარაშვილი:
„მაგალითად, ერთ ადგილას დგანან და აპროტესტებენ ნიღბებით, მაგრამ გადაადგილდა რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანი აქციიდან რამდენიმე მეტრით და იქ აქვთ აქცია. შეიძლება, ფორმალურად არ დაარღვიონ ამ ადამიანებმა კანონი, მაგრამ მიზანი მაინც სრულდება მათი, რომ იგივე მიზანს მიაღწევენ – კანონდარღვევას, მაგრამ სამართალდამცველებს მათი დაჯარიმების შესაძლებლობა არ ექნებათ. ხომ არ ვიფიქროთ, რაღაც ჩანაწერი მაინც ჩასწორდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან რაღაც დათქმები მოხდეს“.
ალექსანდრე ტაბატაძე:
„მინდა, შემოგთავაზოთ, არა მარტო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების ადგილას, არამედ აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სრულიად ლოგიკურია ის, რომ თუ იმართება პარლამენტის წინ აქცია, ფურცელაძის ქუჩაზე თუ შეიკრიბება რამდენიმე ასეული ნიღბიანი ადამიანი, ამას არავითარი რეაგირება თუ არ მოყვა, აღნიშნული კანონი ვერ იმუშავებს“.
პაკეტს კენჭი უყარეს იმ დათქმით, რომ შემდეგი მოსმენისთვის ეს შემოთავაზებები გათვალისწინებული იქნება.
„შეკრების და მანიფესტაციების კანონში თავდაპირველად საუბარი ეხებოდა პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენების საკითხს. გვქონდა საუბარი კომიტეტზე სახის ნიღბით დაფარვაზე, ასევე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენებაზე, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს როგორც იგივე ჟურნალისტების საქმიანობას, ასევე ეს დაკავშირებული იყოს ისეთ გამოყენებასთან, რომელიც შეკრების მიზნებს და ამოცანებს არ პასუხობდეს და პროვოკაციული ხასიათიც ჰქონდეს, ამიტომ, მიზანშეწონილია, კანონს დაემატოს ეს ჩანაწერები. რაც შეეხება ნიღაბს, როდესაც მოქალაქე მიდის აქციაზე, რომ გამოხატოს პროტესტი, მისი ინტერესიც უნდა იყოს, რომ ღიად და საჯაროდ გამოხატოს პროტესტი და როდესაც სახეს იფარავენ, რისკია, რომ მას ძალადობრივი, აგრესიული მიზნები გააჩნდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს, როგორიცაა, ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც ემატება.
რეგულაციების ნაწილის ამოქმედება 2025 წლის პირველი თებერვლიდან, ნაწილის კი 1 აპრილიდან იგეგემება.
ამავე პაკეტში შემავალი „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულია:
„პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით“.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.
როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.