„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტში პარტნიორი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ევროპარლამენტში მათი პარტნიორი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PES მათ გარიცხვით დაემუქრა იმიტომ, რომ მიიღეს მონაწილეობა იმ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. კობახიძე საუბრობს 4 მაისს უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, 2015 წლიდან, რაც „ოცნება“ PES-ის დამკვირვებელი წევრია, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არც ერთი მხარდამჭერი განცხადება, მისი ცალკეული წარმომადგენლები კი უერთდებოდნენ „რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ კამპანიებს“, მხარს უჭერდნენ „აბსურდულ რეზოლუციებს ივანიშვილის სანქცირებაზე და დამნაშავეების გათავისუფლებაზე“.

კობახიძისვე თქმით, პარტია იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდის და გადადის ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე. მისი თქმით, „ოცნებისთვის“ ამ პარტიასთან თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე კონტრპროდუქტიული იყო.

„როგორც ცნობილია, კონსერვატიულ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპელი პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“.  მეტიც, მათი მხრიდან გაისმა საჯარო მუქარა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც წინ არ უძღოდა ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი დამოკიდებულება და მოქმედება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.

ჩვენი პარტია PES-ის დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, დღემდე PES-ს არ გაუკეთებია არც ერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. PES-ის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა PES-იდან მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის  სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, PES-ს მისი წევრების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არც ერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში PES-ში „ქართული ოცნების“ წევრობა არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

2015 წლიდან დღემდე  ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით PES-ის იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი იდეოლოგიური კრიზისის გარმავებას განაპირობებს. PES-ის ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ასევე ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დღეიდან „ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპული პარტიასთან იმ საგარეო მიზნების მისაღწევად, რომელიც ხელისუფლებას, ქვეყანას და საზოგადოებას აქვს დასახული.


4 მაისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიტყვით გამოვიდა, ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორმა, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES) მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. სხდომა ივნისშია ჩანიშნული.

PES-ის განცხადებას უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმაც.

9 მაისს მან განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კონსულტაციები პარტიაში და „გადახედავენ მათთან თანამშრომლობას, გააკეთებენ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში“.