ქართველი დიპლომატები სააკაშვილის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

პუბლიკა

ქართველი დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები, რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.

„მისი მდგომარეობა საგანგაშოა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოეპყრნენ და აწამეს“, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ექიმმა ჯეიმს კობიმ. „მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობას მიიღებს”, – დასძინა ექიმმა კობიმ.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახლა მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც გამუდმებით აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში.

„პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია “, – განაცხადა მედიცინის დოქტორმა, შეერთებული შტატების წამყვანმა ტოქსიკოლოგმა დევიდ ე. სმიტმა. „ამ პრეპარატების მომაკვდინებელმა კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის, თეთრი ნივთიერების ატროფია პრეფრონტალურ კორტექსში, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მაკონტროლებელ ფუნქციაზე, და გაზარდა ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დაუყოვნებლივი დეტოქსიკაცია“, – დასძინა დოქტორ სმიტმა.

2 დეკემბერს ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატთა გუნდმა, მათ შორის, მასიმო ფ. დ’ანჯელომ, ამერიკული საადვოკატო კომპანია „აკერმანის“ ადვოკატმა საქართველოს სასამართლოს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გადავადებისა და საქართველოდან უცხოეთში სასწრაფოდ გადაყვანის მოთხოვნით.

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს. როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ, ყოფილ ქართველ დიპლომატებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და მოვუწოდებთ შესაბამის მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

წერილი, რომლითაც დიპლომატები მიმართავენ ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს, ხელს აწერენ: გიორგი ბადრიძე, დავით ბაქრაძე, გელა ბეჟუაშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, მამუკა გამყრელიძეპაატა გაფრინდაშვილი, გიგი გიგიაძე, თორნიკე გორდაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, გრიგოლ ვაშაძე, თემურ იაკობაშვილი, სერგი კაპანაძე, ზურაბ კვაჭაძე, გიორგი კუბლაშვილი, ტარიელ ლებანიძეალექსანდრე ლომაია, ეკატერინა მაირინგ-მიქაძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ლევან მეტრეველი,ნინო ნაკაშიძე, ალექსი პეტრიაშვილი, მამუკა ჟღენტი, სალომე სამადაშვილი, დავით სიხარულიძე,ეკა ტყეშელაშვილი, ბათუ ქუთელია,შოთა ღვინერია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გია ჯაფარიძე, ნათია ჯაფარიძე.