ქართველი ერი ევროპის ნაწილია, არცერთ პარტიას და ქვეყანას არ შეუძლია ამის შეცვლა - ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება. ევროპარლამენტარი წერს, რომ ქართველი ერი თავს ევროპის ნაწილად აცხადებს და არავის შეუძლია მისი შეცვლა.

„საქართველო ევროპის ნაწილია, რადგან მისი ხალხი ასე აცხადებს! ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით. არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ სხვა ქვეყანას არ შეუძლია ამის შეცვლა. ევროკავშირის კარი კი თქვენთვის ფართოდ არის ღია. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, რომ განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე და თავისივე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვიდეომიმართვაში ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ მოხარულია ამ შეკრების დანახვით, შეკრების, რომელიც გაიმართა ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.

„თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ, დიდი ხანია მხარს უჭერთ ევროპულ ღირებულებებს და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს. ჩვენ მხარს გიჭერთ ამ წამოწყებაში და ამ გზაზე. ასე რომ, გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!“, – ამბობს ევროპარლამენტარი.