ქართველი გამომცემლები სვეტლანა ალექსიევიჩს სოლიდარობას უცხადებენ

პუბლიკა

ქართველი გამომცემლები სოლიდარობას უცხადებენ ნობელიანტ მწერალ, სვეტლანა ალექსიევიჩს, რომელიც საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარა.

„ჩვენ, სვეტლანა ალექსივიჩის ქართველი გამომცემლები, გამომცემლობა „ინტელექტი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“ მხარს ვუჭერთ ჩვენს ავტორს, ნობელის პრემიის ბელარუს ლაურეატს და ადამიანს, რომელმაც საბჭოთა სინამდვილე და პოსტსაბჭოური მემკვიდრეობა შთამბეჭდავად, შეულამაზებლად გააცნო მთელ მსოფლიოს. „უტოპიის ხმების“ შემოქმედი დღეს თვითონ იმ სისტემის სამიზნედ იქცა, რომლის მსხვერპლებსაც ათეული წლების განმავლობაში იცავდა და ექომაგებოდა.

2017 წლის სექტემბერში, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით თბილისში გამართულ შეხვედრაზე სვეტლანა ალექსიევიჩი ამბობდა:

„მე ვიცხოვრე ემიგრაციაში წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც დავბრუნდი სამშობლოში. იმიტომ, რომ სახლი მომენატრა. და იმიტომ, რომ მე მგონია, უნდა ვცხოვრობდე იმ ადამიანებს შორის, ვისზეც ვწერ“.

შინ დაბრუნებული ალექსიევიჩი მიუღებელი აღმოჩნდა ლუკაშენკოს რეჟიმისთვის, რომელიც ოფიციალურად არ აღიარებდა და, შეიძლება ითქვას, არც იმჩნევდა მინსკში მცხოვრებ ერთადერთ ნობელიანტს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, თუმცა მაინც ითმენდა მის არსებობას. მაგრამ მას შემდეგ, რაც სვეტლანა ალექსივიჩმა საჯაროდ მხარი დაუჭირა ბელარუსი ხალხის მშვიდობიან პროტესტს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, დაუნდობელი რეპრესიული მანქანა მასაც დაუპირისპირდა.

დღეს ცივილიზებული სამყარო დგას ჰუმანიზმის იდეალების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარეს, რომელსაც ბელარუს ხალხთან ერთად მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც, მიუხედავად პუტინის რუსეთის და ლუკაშენკოს 25-წლიანი მმართველობის აკრძალვებისა და მუქარისა, მიისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული სივრცისკენ. ჩვენთვის, ალექსიევიჩის ქართველი გამომცემლებისთვის ეს ბრძოლა და პროტესტი ნაცნობი, მშობლიური და განსაკუთრებით დასაფასებელია.

სოლიდარობა სვეტლანა ალექსიევიჩს!” – ნათქვამია განცხადებაში.