ქართველი ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა| ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ ემხრობა ერთობას და მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობა ხალხის დაკვეთაა.

ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიებს აქვთ ვალდებულება ქართველ ხალხთან, ყველაფერი გააკეთონ არსებული რეჟიმის დასამარცხებლად.

„ქართველი ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა, ამას ვერ გაექცევა ვერცერთი პოლიტიკური პარტია… მე არ განვიხილავ, რომ ერთობა არ იყოს… როცა ენმ-ზე ამბობენ, რომ რაღაც პრობლემაა, ჩვენ 12 წელია ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვართ, ხშირ შემთხვევაში მარტო ვიყავით ოპოზიციაში, არ მგონია, დამოკიდებულება სწორი, რომ 12 წელია, რომ ადამიანს თავის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადადებული აქვს… არავის ნიშნის მოგებით არ ველაპარაკებით, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს. გვესმის კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენთვის უსიამოვნოა, სამწუხაროდ, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველ ხალხთან, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ფიზიკურად მოგვიწევს ამ ქვეყნის დაცვა.
დარწმუნებული ვარ, გარკვეული დიდი ერთობა აუცილებლად იქნება, ვიქნებით თუ არა ენმ ამ კონკრეტული ერთობის ინიციატორებიც და თუ საჭირო გახდა, რიგითი წევრები? რა თქმა უნდა ვიქნებით, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


დღეს პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდებიან, ეს გახდება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს… ეს იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა დიდი სურვილი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ რამენაირად მიგვაწებოს ამასთან. შესაბამისად, ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.