„ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წელი მიესაჯათ

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ედებოდათ.

პროკურატურა აცხადებს, რომ მათ მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006 ლარზე მეტი თანხა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს.

კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006,5 ლარზე მეტი თანხა”, – წერს პროკურატურა.